ბათუმი, ოფიციალურად სსიპ „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი“[6] (ს/ნ. 245576826; რეგ. თარიღი — 21 დეკემბერი, 2006) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი 1878 წლიდან. 2014 წლის აღწერის მონაცემებით, ქალაქში ცხოვრობს 152 839 კაცი[7].
ბათუმი მსხვილი საერთაშორისო ნავსადგურია შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, ბაქო-ბათუმის რკინიგზისა და ნავთობსადენის ბოლო პუნქტი და საავტომობილო გზების კვანძი. მდებარეობს ზღვის დონიდან 5 მ, თბილისიდან 350 კმ-ში (რკინიგზით).