თავის ტვინის სიმსივნე წარმოადგენს მზარდი ქსოვილოვან წარმონაქმნს თავის ტვინში, რომელიც უმეტესად ლოკალურად წარმოქმნილი მოცულობითი დაზიანებაა. ის შეიძლება განვითარდეს უშუალოდ თავის ტვინის უჯრედებიდან ან წარმოადგენდეს მეტასტაზს, ანუ იყოს სხვა ორგანოებიდან გავრცელებული სიმსივნური წარმონაქმნი.
რა სახის თავის ტვინის სიმსივნეები არსებობს?
თავის ტვინის სიმსივნეები კლასიფიცირდება ისეთი კრიტერიუმების მიხედვით, როგორიცაა უჯრედული წარმოშობა, ზრდის სიჩქარე ან/და პროგნოზი.
თავის ტვინის პირველადი და მეორადი სიმსივნეები
უჯრედების წარმოშობა და მოლეკულური თვისებები მნიშვნელოვანია ტვინის სიმსივნეების კლასიფიკაციისთვის. თუ სიმსივნე შედგება თავის ტვინის უჯრედებისგან, ეს არის პირველადი თავის ტვინის სიმსივნე, რომელიც წარმოიშვა უშუალოდ თავის ტვინში. თუ სიმსივნური უჯრედები შედგება სხვა ორგანოს უჯრედებიდან, მაშინ საქმე გვაქვს მეორად თავის ტვინის სიმსივნესთან, ე.წ. მეტასტაზთან.
თავის ტვინის მეტასტაზები
თავის ტვინის მეტასტაზი არის სხეულის სხვა ორგანოს სიმსივნიდან წამოსული მეორადი სიმსივნე. პირველადი სიმსივნის კერა კი არის სხვა ორგანო. სიმსივნურ უჯრედებს შეუძლიათ სხეულის სხვა ნაწილებში მიაღწიონ სისხლის მიმოქცევის ან ლიმფური სისტემის მეშვეობით და იქ შექმნან „განშტოებები“, რაც ცნობილია მეტასტაზების სახელით. სიმსივნეებს, რომლებიც ხშირად ახდენენ მეტასტაზირებას თავის ტვინში მიეკუთვნება ფილტვის სიმსივნე, ძუძუს და კანის შავი კიბო (მელანომა).
თავის ტვინის კეთილთვისებიანი, შუალედური და ავთვისებიანი სიმსივნეები
ზრდის ხასიათიდან და ტემპიდან გამომდინარე, თავის ტვინის სიმსივნეები იყოფა კეთილთვისებიან, შუალედურ (კეთილთვისებიანი სიმსივნეები პოტენციური გადაგვარებით) და ავთვისებიან ტვინის სიმსივნეებად. თავის ტვინის კეთილთვისებიანი სიმსივნის ძირითადი მახასიათებლებია მისი ნელი ზრდის ტემპი და მკაფიო დემარკაცია ჯანსაღი ქსოვილისგან. თუმცა, კლასიფიკაცია ყოველთვის ადვილი არ არის, რადგან ასევე არსებობს ნელა მზარდი სიმსივნეები, რომლებიც იზრდება ძალიან ინფილტრაციულად, და თავდაპირველად კეთილთვისებიანი სიმსივნეები, რომლებიც გადაგვარდებიან ტვინის ავთვისებიან სიმსივნეებად.
ჯანმო–ს პირველადი თავის ტვინის სიმსივნეების კლასიფიკაცია
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) თავის ტვინის პირველადი სიმსივნეები დაყო ავთვისებიანობის ოთხ განსხვავებულ ხარისხად. ჯანმო-ს კრიტერიუმებით მოქმედი კლასიფიკაცია, მოლეკულური მარკერები და სიმსივნური უჯრედების ტიპი გადამწყვეტ როლს ასრულებენ სიმსივნის შემდგომი მკურნალობისთვის.
- 1 ხარისხის სიმსივნე კეთილთვისებიანია, იზრდება ნელა და აქვს კარგი პროგნოზი
- 2 ხარისხის სიმსივნეები იზრდება შედარებით ნელა, მაგრამ ზოგჯერ გადადიან ავთვისებიანობის უფრო მაღალ ხარისხში და იზრდებიან ხელახლა, ანუ ახასიათებთ რეციდივი. ისინი შეიძლება იყვნენ ავთვისებიანი ან არაავთვისებიანი.
- 3 ხარისხის სიმსივნე ავთვისებიანია და ხშირად ახასიათებთ რეციდივი უფრო მაღალი ავთვისებიანობის ხარისხით.
- 4 ხარისხის სიმსივნე განსაკუთრებით ავთვისებიანია და სწრაფად იზრდება.
რა არის თავის ტვინის სიმსივნის სიმპტომები?
თავის ტვინის დაზიანებული რეგიონიდან გამომდინარე, სიმსივნემ შეიძლება გამოიწვიოს ძალიან განსხვავებული სიმპტომები. ამიტომ, ადრეული გამოვლენა ხშირად რთულია. თავის ტვინის სიმსივნემ შეიძლება გამოიწვიოს ეპილეფსიური გულყრა ან მხოლოდ ძალიან არასპეციფიკური სიმპტომები, რომლებიც ხშირად გვხვდება უვნებელი დაავადებების დროსაც კი. სიმსივნის მდებარეობა თავის ტვინში გადამწყვეტია გამოვლენილი სიმპტომებისთვის. თავის ტვინის სიმსივნის შესაძლო სიმპტომები მოიცავს:
- გულყრა
ეპილეფსიური აქტივობა, რაც სიმსივნის კიდეზე ჯანსაღი ქსოვილის ჰიპერაგზნებადობას იწვევს. - ფუნქციური დარღვევები
მეტყველების, საავტომობილო უნარების, გრძნობელობის, მხედველობის, არითმეტიკის, აზროვნების, მეხსიერების, ბალანსის, ორიენტაციის, განწყობის, ქცევის, სიფხიზლის, მოძრაობის, სოციალური ქცევის და ა.შ. დარღვევა სიმსივნის მიმდებარე ქსოვილზე ზეწოლის ან მოსაზღვრე თავის ტვინის ქსოვილში ჩაზრდის გამო. - თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება
შორსწასული სიმსივნურო პროცესი იწვევს ქალაშიდა წნევის მატებას. - ფსიქოლოგიური ცვლილებები
თუ სიმსივნე იზრდება თავის ტვინის ფუნქციურად მუნჯ ნაწილებში, ის შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს გარკვეული დროის განმავლობაში, სანამ არ გამოჩნდება არასპეციფიკური სიმპტომები, როგორიცაა პიროვნების ცვლილებები, დაღლილობა, გულმავიწყობა, დეზორიენტაცია და დაბნეულობა. ხშირად სიმპტომების აღმოცენებიდან მხოლოდ რამდენიმე კვირის ან თვის გემდეგ ხერხდება დიაგნოზის დასმა.
როგორ ხდება თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზის დასმა?
თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოსტირება ხდება მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (მრტ, MRI) საშუალებით. ის იძლევა თავის ტვინის ქსოვილის დათვალიერების შესაძლებლობას. სხვადასხვა ფილტრების/რეჟიმების გამოყენებით შესაძლებელია სიმსივნიის სხვადასხვა მახასიათებლების ვიზუალიზება. სიმსივნის ტიპის მიხედვით, მიღებული ინფორმაცია ხშირად საშუალებას იძლევა დაისვას დიაგნოზი და შემდეგ ნაბიჯად დაიგეგმოს ოპერაცია, ხოლო ზოგ შემთხვევაში დიაგნოზი ბუნდოვანია/საეჭვოა და გულისხმობს ბიოფსიის (ქსოვილის გამოკვლევის) საჭიროებას საბოლოო დიაგნოზის მისაღებად. სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ არსებობს რაიმე სახის ანალიზის ან სკრინინგის საშუალებით სიმსივნის ადრეული გამოვლენის შესაძლებლობა.
მკურნალობის რა შესაძლო ვარიანტები არსებობს?
მკურნალობის ტაქტიკა განსხვავდება სიმსივნის ტიპისა და ინდივიდუალური შემთხვევის მიხედვით. დეტალური ინფორმაცია მკურნალობის ვარიანტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ თითოეული თავის ტვინის სიმსივნისთვის განკუთვნილ ბმულზე.
თავის ტვინის სიმსივნის ქირურგია
ოპერაციას ორი ძირითადი მიზანი აქვს:
- თუ ეს შესაძლებელია, თავის ტვინის სიმსივნე მთლიანად, ბოლო უჯრედამდე უნდა ამოიკვეთოს.
- არ უნდა დაზიანდეს თავის ტვინის ნორმალური ფუნქციები.
თავის ტვინის კეთილთვისებიანი სიმსივნე განიკურნება სრულად ამოკვეთის შემთხვევაში. თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევაში კი, მაგალითად როგორიცაა გლიობლასტომა, სიმსივნის ამოკვეთა იძლევა უკეთეს პროგნოზს და სიცოცხლის გახანგრძლივებას. ღია გული – საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ოპერაციის დროს ვიყენებთ ისეთ უახლეს მეთოდებს სიმსივნის საზღვრის დასადგენად, როგორიცაა ნეირონავიგაცია, ულტრაბგერა, ფლუორესცენცია და უახლესი საოოპერაციო მიკროსკოპი.
თუმცა, სიმსივნის სრულ ამოკვეთაზე მეტად პრიორიტეტულია თავის ტვინის ფუნქციების შენარჩუნება, რათა პაციენტმა შეძლოს ნორმალური, კარგი ხარისხის ცხოვრების გაგრძელება. თავის ტვინის ორივე კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების დროს ჩვენ ვამჯობინებთ დავტოვოთ ნარჩენი სიმსივნური ქსოვილი, ვიდრე სამუდამოდ დავაზიანოთ ტვინის ესა თუ ის მნიშვნელოვანი ფუნქცია. კეთილთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევაში, სიმსივნის ნარჩენზე ან/და რეციდივზე ხშირად ხდება დაკვირვება წლების განმავლობაში, ზოგჯერ უმჯობესია ჩატარდეს დამატებითი სხივური თერაპია. თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევაში, რომლებიც იზრდება ინფილტრაციულად და რომელთა სრული განკურნება ქირურგიული გზით შეუძლებელია, გამოიყენება დამატებითი სხივური და ქიმიოთერაპია რათა შეფერხდეს დარჩენილი ან/და რეციდიული სიმსივნის ზრდა.
რა ხდება თავის ტვინის სიმსივნის ოპერაციის შემდეგ?
თავის ტვინის სიმსივნით დაავადებულთა უმეტესობა შესაძლებელია გაწეროს სახლში ოპერაციიდან 5-7 დღის შემდეგ. ხშირად ინიშნება ამბულატორიული შეხვედრა ნაკერების მოსახსნელად ან/და ლაბორატორიული შედეგების (მოცილებული სიმსივნური ქსოვილის ჰისტოპათოლოგია, “ჩათესვა“) განსახილველად.
თუ პოსტოპერაციულ პერიოდში ჩნდება ნევროლოგიური დეფიციტი, როგორიცაა მეტყველების ან მოძრაობის დარღვევები, სტაციონარული ნევროლოგიური რეაბილიტაცია შეიძლება სასარგებლო იყოს.
თუ პაციენტს მხოლოდ მსუბუქი შეზღუდვები აწუხებს ან სტაციონარული რეაბილიტაცია არ არის სასურველი, არსებობს ამბულატორიული თერაპიის ვარიანტი, რათა გაადვილდეს ნორმალურ ცხოვრების წესზე დაბრუნება. ეს მოიცავს ამბულატორიულ ფიზიოთერაპიას, სამკურნალო ფიზკულტურას, მეტყველების თერაპიას (ლოგოპედია), ფსიქოსოციალურ ზრუნვას და ა.შ..
კეთილთვისებიანი და ზოგიერთი შუალედური სიმსივნეებისთვის, რომლებიც არ საჭიროებენ შემდგომ მკურნალობას, ნეიროქირურგიულ ამბულატორიაში ტარდება რეგულარული კონტროლი და მრტ-კვლევა. ამ შემოწმების ინტერვალები დამოკიდებულია სიმსივნის ტიპზე და დაავადების მიმდინარეობის ინდივიდუალურ მონაცემებზე.
ქიმიოთერაპია
სრული ქირურგიული მოცილების ან სიმსივნის ნარჩენების ზრდის შემდეგ სიმსივნის რეციდივის თავიდან ასაცილებლად, შეიძლება სასარგებლო იყოს სიმსივნის მოლეკულური თვისებებისა და კლასიფიკაციის მიხედვით, დამატებითი ან დამხმარე (ადიუვანტური) ქიმიოთერაპიის ჩატარება. ქიმიოთერაპიული აგენტები არის ნივთიერებები, რომლებსაც აქვთ სიმსივნური უჯრედების დნმ-ის დამაზიანებელი ეფექტი. თავის ტვინის მაღალი ხარისხის სიმსივნეების (გლიომების) შემთხვევაში ჩვეულებრივ ტარდება პოსტოპერაციული ქიმიოთერაპია თემოდალით (თემოზოლომიდი) რადიაციულ მკურნალობასთან ერთად. თემოდალი ჩვეულებრივ შეიძლება პაციენტმა მიიღოს კაფსულის სახით და ზოგადად კარგად ხდება გადატანა პაციენტების მიერ.
რადიაცია
რადიოთერაპია
სხივური თერაპია ან რადიოთერაპია არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დამხმარე მკურნალობა თავის ტვინის სიმსივნის ოპერაციის შემდეგ მაღალი ხარისხის სიმსივნეებისთვის. მიზანია დარჩენილი სიმსივნური უჯრედების ზრდის შეჩერება. ფიზიკურად, მაღალი ენერგიის რენტგენის სხივები იწარმოება ხაზოვანი ამაჩქარებლის გამოყენებით და გამოიყენება ტვინის სიმსივნის რეგიონში მაღალი სიზუსტით. გათვალისწინებულია ანატომიური სტრუქტურები და თავის ტვინის მიმდებარე სტრუქტურები. ქიმიოთერაპიის მსგავსად, რადიაციულმა თერაპიამ შეიძლება ხელი შეუშალოს სიმსივნური უჯრედების გაყოფის პროცესს და ამით გამოიწვიოს კიბოს უჯრედების სიკვდილი. იმისათვის, რომ მიაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტს, რაც შეიძლება ნაკლები გვერდითი ეფექტებით, ჰიპოფრაქციული (დაბალი დოზით) რადიოთერაპია ჩვეულებრივ ტარდება რამდენიმე სესიაზე. მაღალი ხარისხის გლიომებისთვის, ეს შეესაბამება 12-30 სეანსს 5-2 Gy თითოეული, ანუ საერთო დოზას 60 Gy.