ქართველი ერის ისტორიული განვითარების ნამდვილი სურათის წარმოდგენა შეუძლებელი იქნებოდა ქართული მედიცინის ისტორიის გარეშე, რომელიც მოიცავს ყველა საზოგადოებრივ ფორმაციას უძველესი დროიდან დღემდე.
სიტყვა მედიცინა დაკავშირებულია კოლხეთის ლეგენდარული მეფის, აიეტის ქალიშვილის, მედეას სახელთან, რომელიც თავისი ეპოქის სახელგანთქმულ მკურნალად ითვლება. პირველყოფილი ადამიანების საცხოვრებლებისა და იარაღების შესწავლა ადასტურებს უკვე ძვ. წ. აღრიცხვის მესამე ათასწლეულში საქართველოში სამკურნალო საქმიანობის ჩანასახის არსებობას.
პირველყოფილი თემური წყობილების მედიცინას ადასტურებს ქართული ფოლკლორის უძველესი ნიმუშები, კერძოდ, “ამირანიანი” და “ხოგაის მინდია”.
აპოლონიოს როდოსელის “არგონავტიკასა” და საერთოდ კოლხეთსა და მედეაზე არსებულ ბერძნულ-რომაულ თქმულებებსა და მხატვრულ-ისტორიულ ნაწარმოებებში ასახულია ქართულ მედიცინასთან დაკავშირებული მთელი რიგი მომენტები. კოლხიდა ისეთ ქვეყნადაა დასურათებული, სადაც სამედიცინო საქმიანობა და ცოდნა ემყარებოდა ახალ აღმოჩენებს, ცდებს, მცენარეთა სამკურნალო თვისებათა გამოვლინებას, შხამებსა და სამკურნალო საშუალებებზე დაკვირვებას. მედეას დედამ და დამ ასწავლეს მკურნალობის ხელოვნება. აიეტის ცოლის ჰეკატეს ბაღში, რომელიც მდ. ფაზისის დაბლობში ყოფილა გაშენებული 40-მდე სამკურნალო მცენარე მოჰყავდათ. მედეას სახელს უკავშირებენ ისეთ სამედიცინო-ბიოლოგიური ცნებებს, როგორიცაა “გაახალგაზრდავება” და “სისხლის გადასხმა”.
ევრიპიდეს ტრაგედიის მიხედვით, მედეა უშვილობის მკურნალადაც გვევლინება. მედეას სახელთან დაკავშირებელი სამედიცინო საქმიანობა მსოფლიო მედიცინის ისტორიაში ცნობილია “CURA MEDIANA”- ს სახელწოდებით, რაც ასევე იმაზე მიუთითებს, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ეს იდეები ჩაისახა, სამედიცინო-პრაქტიკული საქმიანობა არ შეიძლება მაღალ დონეზე არ მდგარიყო.
არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნია მრავალრიცხოვანი, საკმაოდ დახვეწილი ქირურგიული ინსტრუმენტი, გველის გამოსახულებით, რომლებსაც ქირურგიული მანიპულაციებისა და ჰიგიენური დანიშნულებისათვის იყენებდნენ, ბრინჯაოსაგან დამზადებული სხვადასხვა სამედიცინო ტექნიკური საშუალებები, რომლებიც თავის დროზე წამლის მოსამზადებელი კომპონენტების შესანახად ყოფილა განკუთვნილი და სხვ. არქეოლოგიური მასალების რენტგენოლოგიურმა შესწავლამ გამოავლინა დაავადებებისა და ტრავმული დაზიანებების შედეგად პათოლოგიურად შეცვლილი და ნამკურნალევი ძვლები, ტრეპანაციული თავის ქალები შემდგომი შეხორცებებით, რაც ერთხელ კიდევ მიუთითებს თემური წყობილების დროინდელ საქართველოში საკმაოდ მაღალ სამედიცინო კულტურაზე.
როგორც ირკვევა, საქართველოში მინერალური წყლებს სამკურნალო მიზნით ჯერ კიდევ მონათმფლობელური წყობილების (ძვ.წ.აღ.VI საუკ. და ახ. წ. აღ.V საუკ.) დროს იყენებდნენ, რასაც ადასტურებს ბორჯომში აღმოჩენილი უძველესი აბაზანის ნაშთები, აგრეთვე არმაზის აბანო, რომელიც სამკურნალო მინერალური წყლებით მარაგდებოდა. ამავე პერიოდს (ძვ. წ. აღ. III-IV საუკ.) მიეკუთვნება ახალციხეში მიკვლეული წამლის შუშა მალამოთი.
არქეოლოგიური გათხრების შედეგად ქსნის ხეობის, კლდეეთის, არმაზის, ურეკის, ვანის სამაროვნებში (ძვ. წ. აღ. II – IV საუკ.) აღმოჩენილი ნივთების, აგრეთვე კომუნალურ ნაგებობათა და სანიტარულ-ჰიგიენური ტექნიკის ნაშთების მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამ ეპოქაში მოსახლეობის ცხოვრების მაღალ დონეზე და , შესაბამისად, მაღალ ჰიგიენურ კულტურაზე.
ქართული მედიცინის საკითხებზე მეტად საინტერესო მასალას იძლევა ქართული ჰაგიოგრაფია. კერძოდ: V საუკუნეში იაკობ ცურტაველის მიერ შექმნილ ისტორიულ-ჰაგიოგრაფიული ხასიათის ძეგლი “შუშანიკის წამება” და VI საუკუნის ნაწარმოები “წმინდა ნინოს ცხოვრება”. საქართველოში წმინდა ნინომ უმთავრესად მკურნალობით მოიხვეჭა სახელი. ამ ძეგლებიდან ირკვევა, რომ ამ დროს არსებობდნენ “მეცნიერნი კურნებისა”, “ხელოვანი მკურნალნი”, რომლებიც ავადმყოფს ყოველმხრივ სწავლობდნენ (“და შეისწავეს იგი ყოველთა…”), ამავე პერიოდს მიეკუთვნება პეტრე იბერიელის მოღვაწეობა და მის მიერ პალესტინაში, ხოლო დედოფალ ბაკურდახტის მიერ კი საქართველოში საავადმყოფოების დაარსება.
ქართული საავადმყოფოები არსებობდა ჯერ კიდევ V საუკუნიდან როგორც საქართველოს, ისე მის ფარგლებს გარეთ. ხანძთასა და საერთოდ ტაო-კლარჯეთის მონასტრების კულტურულ ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი საექიმო საქმიანობას ეკავა. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია გრიგოლ ხანძთელისა და მისი მოწაფის – ეპიფანეს საექიმო მოღვაწეობა.
ამ პერიოდში ასევე აღსანიშნავია საბაწმინდის (იერუსალიმი) ქართველთა ლავრისა დახანძთის სავანეების საექიმო საქმიანობა, ილარიონ ქართველისა და სირიელ მამათა საექიმო მოღვაწეობა.
მკურნალთათვის განკუთვნილ სახელმძღვანელოებში იმ დროისათვის საოცარი სიზუსტითა და სიღრმითაა გადმოცემული ფიზიოლოგიის მეტად რთული საკითხები, მოცემულია ანატომიურ-ფიზიოლოგიური და, საერთოდ, მდიდარი სამედიცინო ტერმინოლოგია, აღნიშნულია სრული ანამნეზის მიღების აუცილებლობა, განხილულია ავადმყოფის მიღებასთან დაკავშირებული ეთიკის საკითხები და სხვ., განვითარებული ფეოდალიზმის (XI – XIX საუკ. 50-იანი წლები) მედიცინის ისტორია იწყება კლასიკური პერიოდით, რომელიც გამოირჩევა საექიმო-პრაქტიკული საქმიანობის, სამედიცინო აზროვნებისა და სამედიცინო ლიტერატურის განვითარებით, პროფესიული მედიცინის ჩამოყალიბებით, სამედიცინო დაწესებულებების ინტენსიური მშენებლობით. აშკარად ჩანს დიფერენცირებულად წარმოდგენილი პროფესიული მედიცინა: ქირურგი (ჯარა), თერაპევტი (აქიმი) და მეანი.
ცნობილი იყო საექიმო საქმიანობით ათონის ივერთა მონასტერი. XI საუკუნიდან მოყოლებული, იქ რამდენიმე საავადმყოფო შეიქმნა, მათ შორის სპეციალიზებული საავადმყოფო კეთროვანთათვის–ლეპროზორიუმი. მონასტრის ხელმძღვანელი ექვთიმე ჩორჩანელი-ხურსიძე იყო საექიმო საქმისა და საავადმყოფოთა მშენებლობის ორგანიზატორი. ამ პერიოდს ეკუთვნის პეტრიწონისა და გელათის მონასტრებთან საავადმყოფოების აშენება, ვარძიის აფთიაქისა და ვანისქვაბის მონასტრის სასნეულოს დაარსება.
ქართული მედიცინის ისტორიის კლასიკური პერიოდის ბრწყინვალე ძეგლებადაა აღიარებული სამედიცინო პრაქტიკული ხასიათის ძეგლები ქანანელის “უსწორო კარაბადინი” (XI საუკ.) და ხოჯაყოფილის “წიგნი სააქიმოი” (XIII საუკ.), სადაც იმ დროისათვის საოცარი სიზუსტითაა მოცემული ანატომიურ-ფიზიოლოგიური, პროფილაქტიკური, ჰიგიენური, კლინიკურ-დიაგნოსტიკური, დიეტეტიკური და მკურნალობასთან დაკავშირებული საკითხები.
XIII – XV საუკუნეებში გამუდმებული შემოსევების შედეგად საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიური და კულტური ცხოვრების დაკნინებასთან ერთად მოისპო და განადგურდა ბევრი სამედიცინო კერა და მედიცინის ისტორიაში, ისევე როგორც ქვეყნის ისტორიაში ეს ეპოქა დაცემის პერიოდის სახელწოდებით შევიდა.
აღდგენის პერიოდში (XVI – XVIII საუკ.) პოლიტიკურ-საზოგადოებრივი და ეკონომიური ცხოვრების გაუმჯობესებამ ხელი შეუწყო სამედიცინო მოღვაწეობის აღდგენასა და განვითარებას. კერძოდ, აშენდა წმ. გიორგის საავადმყოფოს ახალი შენობა, ხოლო 1610 წელს-წმინდა მოდესტის საავადმყოფო, აგრეთვე ლეპროზორიუმი. აღსანიშნავია, რომ ერეკლე მეორე დიდ ყურადღებას აქცევდა სამედიცინო საქმის განვითარებას, მფარველობდა კათოლიკე მისიონერებსა და ხელს უწყობდა მათ საექიმო საქმიანობას, იწვევდა უცხოეთიდან, კერძოდ კონსტანტინეპოლიდან გამოცდილ ექიმებს.
აღორძინების პერიოდის უმნიშვნელოვანეს სამედიცინო ძეგლს მიეკუთვნება ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ”სამკურნალო წიგნი-კარაბადინი”, რომელშიც საოცარი სიზუსტითაა განხილული მედიცინის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული საკითხები და რაც მთავარია, მის ძირითად ლიტერატურულ წყაროდ ძველი ქართული სამედიცინო ძეგლები უნდა მივიჩნიოთ. ასევე აღნიშვნის ღირსია დავით ბატონიშვილის ენციკლოპედიური ხასიათის ნაშრომი “იადიგარ დაუდი”, რომელიც მაშინდელი მედიცინის თითქმის ყველა ძირითად საკითხს ეხება. ამავე პერიოდს განეკუთვნება სულხან საბა ორბელიანის მოღვაწეობა. მისი ცნობილი ლექსიკონი მოიცავს 50-მდე ანატომიურ-ფიზიოლოგიურ ტერმინს, დაავადებათა 160-მდე სახელწოდებას, დაავადების სიმპტომთა აღმნიშვნელ 40-მდე სიტყვას, 140-მდე სამკურნალო მცენარის დასახელებას.
XVII საუკუნიდან ქართულ მედიცინაში აშკარად იგრძნობა ევროპული მედიცინის გავლენა ტერმინოლოგიის, დიაგნოსტიკის, მკურნლობის მეთოდების მხრივ.
ქართული მედიცინის ისტორიისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია იოანე და დავით ბაგრატიონების სამედიცინო-ლიტერატურული მოღვაწეობა, კერძოდ, დავით ბაგრატიონის “სამკურნალო რეცეპტები”, “შემოკლებული ფსიქიკა”, და იოანე ბაგრატიონის დიდი ენციკლოპედიური ნაშრომი “კალმასობა”, რომელიც შეიცავს სამედიცინო ხასიათის ტექსტებს. მის კალამსვე ეკუთვნის რეფორმების -“სჯულდების” პროექტი, რომელშიც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სამშობიაროს მოწყობის საკითხს.
XIX საუკუნის ქართული მედიცინა ხასიათდება სამედიცინო-სანიტარიული მომსახურების ორგანიზაციისა და სააფთიაქო საქმის განვითარებით, ეპიდემიების საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებით, საკურორტო-ბალნეოლოგიური რესურსების ათვისება-გამოყენებით, ხალხური მედიცინის ტრადიციების გაგრძელებით.
ამ პერიოდის მნიშვნელოვანი მოვლენებიდან აღსანიშნავია ისეთი სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებების დაარსება, როგორიცაა ქალაქის საავადმყოფო (მიხეილის საავადმყოფო 1868 წელს), სამშობიარო სახლი (1873წ), პასტერის სადგური, რომელიც მთელი კავკასიისათვის იყო განკუთვნილი და სხვ., ასევე, 1884 წლიდან სასოფლო-საექიმო ნაწილის მოწყობა სოფლის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებისათვის. საქართველოში უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის არარსებობის გამო ამ პერიოდში მომუშავე თითქმის ყველა ქართველ ექიმს უმაღლესი განათლება რუსეთში ჰქონდა მიღებული. აღსანიშნავია პ. კლაპიტონაშვილი, ს.შარიმანაშვილი, ზ. ზუბალაშვილი, მ. ჩიგიანი, ს. ალექსი-მესხიშვილი და სხვები.
XX საუკუნის ქართული მედიცინის ისტორიაში მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ჩამოყალიბება (1918 წლის სექტემბერი), ამ პერიოდის სახელგანთქმული ქართველი მეცნიერი-ექიმები იყვნენ: მ. წინამძღვრიშვილი, ვ. ასათიანი, კ. ერისთავი, ვ. ჟღენტი, ა. წულუკიძე, ავ. ზურაბაშვილი, პ. სარაჯიშვილი, ს. ხეჩინაშვილი და სხვები.